logo
ENG



"დავითგარეჯი ალიევს სააკაშვილმა დაუთმო" - ჯონდი ბაღათურიამ პროკურატურას ჩვენება მისცა

02 თებ 202117:28
3 წუთის საკითხავი
 
"დავითგარეჯი ალიევს სააკაშვილმა დაუთმო" - ჯონდი ბაღათურიამ პროკურატურას ჩვენება მისცა

დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ მისი პროკურატურაში დაბარება 2012 წელს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. მაშინ დარჩიაშვილი ჯონდი ბაღათურიამ მოღალატეობრივ საქმიანობაში დაადანაშაულა. 

"მაშინ გაიჟღერა იმან, რაც დღეს ისმის - სამშობლოს ყიდიო. ზუსტად პოლიტიკური მოსაზრებებით, რომ ვიღაცამ ქულები დაიწეროს ან ვიღაცას შავი პიარი აუგორდეს. ამის პასუხად მე ვთქვი, რომ 1921 წელს სერგო ორჯონიკიძის და იოსებ სტალინის მიერ შეცვლილ საზღვრებს ვის აბრალებთ. დღეს, თნ შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული, კომისია მუშაობს, რომ უშუალოდ კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობის ადგილას საჩვენოდ დაკორექტირდეს ის საზღვრები, რომელიც დატოვა ორჯონიკიძემ და სტალინმა. ამით იყო დაკავებული ივერი მელაშვილი და ამისთვის მიიღო პატიმრობა, დევნა. ეს არის საბჭოთა კავშირი, რომელიც, როგორც ჩანს, არსად წასულა". - თქვა დარჩიაშვილმა ფორმულასთან

ის გამოკითხვაზე ხვალ, 3 თებერვალს არის დაბარებული. 

დღეს, 2 თებერვალს კი პროკურატურას დავითგარეჯის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა ჯონდი ბაღათურიამ. მან დავით დარჩიაშვილთან ერთად კიდევ დაასახელა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გვარი და მიუთითა, რომ დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემა მიხეილ სააკაშვილის ბრალია. 

"საზოგადოებრივმა არხმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის 2007 წლის აღიარებითი ჩვენება, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ შეუთანხმდა პრეზიდენტ ალიევს იმაზე, რომ სტრატეგიულ სიმაღლეს დაუთმობდა აზერბაიჯანის მხარეს. ეს არის ზუსტად ის, რა ბრალის დაზუსტებაც მოახდინა პროკურატურამ. რომ მელაშვილი და ილიჩოვა, რა თქმა უნდა, არიან მოღალატეები, მაგრამ ისინი ასრულებდნენ ზემდგომის დავალებას და ზემდგომი არის მიხეილ სააკაშვილი". ამბობს ჯონდი ბაღათურია. 

ბაღათურიას მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება კარტოგრაფების საქმეს არ ეხება და მისი წარმოება დამოუკიდებლად მიმდინარეობს. მისი ჩვენება, ისევე, როგორც დარჩიაშვილის და მალხაზ მიქელაძის მიერ მიცემული ჩვენებები სწორედ ამ ცალკე გამოყოფილ საქმეში იქნება. 

28 იანვარს, მაშინ, როცა პროკურატურამ სასამართლოში ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა, რომ გამოძიების მთელი აქცენტი დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირებისკენ არის მიმართული. მისი თქმით, "დადგინდა მოტივი, რომ ბრალდებულები [ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი] მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად".

მანამდე კი პროკურატურამ ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლითაც გაირკვა, რომ უწყება მელაშვილს და ილიჩოვას უთვალთვალებდა. გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მელაშვილი და მიქელაძე ლაპარაკობენ.

პროკურატურისთვის ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერები მათ ბრალდებას ამყარებს, ადვოკატები კი ამბობენ, რომ პირიქით, ყველაფერი მიუთითებს კარტოგრაფების უდანაშაულობაზე. 

პარალელურად, 28 იანვარს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კარტოგრაფების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია დაიწყო.ივერი მელაშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს ქართული ოცნების პარტაქტივი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და პარტიის მხარდამჭერები. თავდასხმები ხდებოდა რუსული IP მისამართებიდან. კარტოგრაფების წინააღმდეგ მუშაობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. ზოგიერთმა მღვდელმსახურმა ძალადობაც გაამართლა

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ 1995 წლიდან გაცხადებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. 

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

უწყება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.

1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება, ტერუტორიაზე არსებულ რეალობას არ შეესაბამება და 300-800 მეტრიან ცდომილებას იძლევა.

ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაიღრვა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. ამასთან დაკავშირებით დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა. პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ ამაზე მოკვლევას დაიწყებს.


close დახურვა